რა უნდა გავითვალისწინოთ, ვიდრე ბანკიდან სესხს გამოვიტანთ

იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმზეა დასული.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ვალი აქვს და კომერციულ ბანკებზეა დამოკიდებული. ამიტომ, საბანკო სისტემაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ამბობს, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმზეა დასული.

გიორგი კეპულაძე: “ჩვენ იპოთეკური სესხების ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ ბაზარზე არსებული ტენდენციები შევისწავლეთ. გამოიკვეთა, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების განაკვეთი ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ეს არის საშუალოდ 8%, თუმცა ზოგიერთ ბანკში ეს მაჩვენებელი 7 პროცენტიცაა. ნაწილობრივ ეს გამოიწვია უცხოურ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნის შემცირებამ, რაც ლარის კურსის გაუფასურებას მოჰყვა, ასევე იმან, რომ ბანკებს შედარებით გაუიაფდათ დონორი ორგანიზაციებისაგან მოზიდული რესურსი. საკრედიტო პორტფელი იზრდება, მაგრამ დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში არ გაზრდილა. დოლარის გაძვირების გამო ადამიანები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებოდნენ უცხოურ ვალუტაში სესხის აღებას, ამიტომ დოლარზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც საპროცენტო განაკვეთებზეც იმოქმედა. ეს ტენდენცია გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ლარში გაცემული გრძელვადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია, უმეტესობა მაინც ლარში ცდილობს სესხის აღებას”.

გიორგი კეპულაძის თქმით, ლარი მყარდება და შეიძლება რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს, რაც უდავოდ იმოქმედებს ცვალებადი სესხების განაკვეთებზე.

“შარშან, თებერვალში რომ დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, 4%-იდან 8%-მდე ავიდა. 27 აპრილს ეროვნულ ბანკში დაგეგმილია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა და რეფინანსირების განაკვეთი შეიძლება შემცირდეს. რა თქმა უნდა, ეს დადებითი მოვლენა იქნება. როდესაც სესხს ვიღებთ, უნდა ვეცადოთ ის რაც შეიძლება ხელსაყრელ პირობებში გამოვიტანოთ. სესხიც ვაჭრობის თემაა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი კომერციული პროდუქტი. ამ სექტორში ძალიან მაღალი კონკურენციაა და ბანკები ცდილობენ კლიენტები თავისკენ გადაიბირონ, არსებობს პორტირების აქციები, ამიტომ ჩვენ ყველას ვურჩევთ, ჯერ რამდენიმე ბანკის პირობები გაიგონ და ამის შემდეგ აიღონ სესხი, მით უმეტეს, თუ ეს იპოთეკური და გრძელვადიანია. შეიძლება მოკლევადიან სესხზე 1-2 პროცენტს მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ გრძელვადიანი სესხის აღების დროს 1%-საც მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჯერ უნდა შეისწავლოთ სხვადასხვა ბანკის პირობები და მათ შორის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ“, - გვირჩევს გიორგი კეპულაძე.

ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ ბანკების დამოკიდებულება ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მიმართ უფრო ფრთხილია.

“ჩვენთან სესხები დოლარშიც გაიცემა და ლარშიც, რატომ არის დოლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალი? - ვინაიდან ბანკებს თანხა დოლარებში აქვთ მოზიდული და ვალდებულებებიც დოლარში აქვთ გასასტუმრებელი, უცხოური ვალუტის გასესხების შემთხვევაში, მათთვის ყველაფერი გარკვეულია და პროგნოზირებაც ადვილია. ამიტომ, როდესაც ბანკი სესხს დოლარში გასცემს, მომავალში უფრო ნაკლები პრობლემა ექმნება, ხოლო როდესაც ლარში გასცემს, ბანკი ყოველთვის თავს იზღვევს. ლარის კურსი სტაბილური რომ იყოს, მიდგომა ორივე ვალუტის მიმართ თანაბარი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ლარს არასტაბილურობა ახასიათებს, ამიტომ, ბანკების დამოკიდებულება ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მიმართ უფრო ფრთხილია. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ბანკი საქველმოქმედო და ალტრუისტული ორგანიზაცია არ არის. ამიტომ, ვიდრე კრედიტის აღებას გადაწყვეტ, კარგად უნდა დათვალო, რამდენის გადახდა შეგიძლია და რამდენის - არა. წინასწარი გათვლების გარეშე ბანკმაც არ უნდა გასცეს სესხი, მოკლედ, ორივე მხარემ სწორად უნდა შეაფასოს მსესხებლის შესაძლებლობები და სიტუაციით არ უნდა ისარგებლოს”, - აღნიშნავს ვაჟა კაპანაძე.

ამავე საკითხის შეფასება საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს - გიორგი ცუცქირიძესაც ვთხოვეთ:

- ისტორიულად, ჩვენთან ლარში გაცემულ სესხებზე პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში გაცემულზე. როდესაც ბანკს სესხის პროცენტი გამოჰყავს, ის სამი მდგენელისაგან შედგება: 1 - მოზიდული რესურსების ფასი, 2 - კაპიტალის ფასი და 3 - რისკის პრემია. აქედან გამომდინარე, როცა საპროცენტო განაკვეთის დადგენა დოლარში ხდება, ბუნებრივია, საპროცენტო განაკვეთი უფრო ნაკლებია, ვიდრე ლარში გაცემულ სესხზე. ამიტომ არის დოლარში აღებულ სესხზე პროცენტი უფრო მცირე. რაც შეეხება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით აღებულ სესხებს, ისინი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და ამ განაკვეთით განისაზღვრება, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხები კი - ლიბორის განაკვეთით. თუ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, ლარში გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება და პირიქით.

- ბატონო ზურაბ, უკანასკნელ წლებში გაუსტუმრებელი სესხის გამო არაერთი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ამიტომ, ბანკების მიმართ საზოგადოებაში ერთგვარი უნდობლობა და მტრული დამოკიდებულებაც კი გაჩნდა. რას იტყოდით ამის თაობაზე?

- ეს არასწორი შეფასებების შედეგია. სამწუხაროდ, ამ ტიპის განწყობის ფორმირებაში ზოგიერთი ექსპერტიც სცოდავს. გარდა ამისა, ხშირად კომერციულ ბანკებს ურევენ სხვა საკრედიტო დაწესებულებებში, მათ შორის ონლაინ-სესხების კომპანიებში, ლომბარდებსა და კერძო იპოთეკარებში, რაც პრინციპულად არასწორია. კომერციული ბანკი არის ერთადერთი ლიცენზირებული საკრედიტო დაწესებულება, რომლის საქმიანობა ყველაზე მკაცრი სტანდარტებით რეგულირდება. ბანკისათვის სესხის გაცემის დროს მთავარი კლიენტის ქონება კი არა, მისი შემოსავალია, რომელიც სესხის გადახდის მთავარი წყაროა. როდესაც კლიენტს სესხის გადახდის პრობლემა აქვს, ან შემოსავალს კარგავს, მას სესხის რესტრუქტურიზაცია შეუძლია. ქონების დასაკუთრება უკიდურესი შემთხვევაა. თანაც, ბანკს ხომ არავისთვის დაუძალებია სესხის აღება? თუ ადამიანმა დაკარგა შემოსავალი და პროცენტს ვეღარ იხდის, ბანკი აქ რა შუაშია? კომერციული ბანკი იმით განსხვავადება ყველა სხვა საკრედიტო დაწესებულებისგან, რომ ფულს მოსახლეობის ერთი ნაწილისგან ყიდულობს და მეორე ნაწილზე გასცემს. საპროცენტო განაკვეთებს კი, უფრო ხშირად ეკონომიკა განსაზღვრავს. კერძო იპოთეკარები საკუთარ ფულს აპროცენტებენ, ხოლო ბანკი ძირითადად საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, ან მოსახლეობიდან მოზიდულ ფულს აპროცენტებს. მევახშისგან განსხვავებით, ბანკი თქვენს შემოსავალსაც ამოწმებს და საკრედიტო ისტორიასაც. ზოგს ჰგონია, როგორც მეგობრისგან აიღებს ვალს და მერე აღარ დაუბრუნებს, ბანკთანაც ასე უნდა მოიქცეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომერციული ბანკი იმ მიზეზის გამოც ვერ გაჩუქებთ თანხას, რომ ეს მისი ფული არ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თავი რომ დავიზღვიოთ, სესხი ყოველთვის ლარში უნდა ავიღოთ და ყოველგვარი რისკი წინასწარ გავთვალოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე