გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყანას არ აქვს ფუფუნება არჩევნებთან დაკავშირებული მრიცხველი დღეიდან ჩავრთოთ და დამატებით 7-8 მილიონი გადავიხადოთ

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადაიხადოს მარტო იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი.

„მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშნს, რატომ 8 ოქტომბერი, ამაზეც ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე რომ, ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მასში ჩართულია ცესკო.

„რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას თუ როდის გამოვაქვეყნებთ მას, როდის ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ შეიძლება ქვეყანამ 7 და 8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს. ასე რომ, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს, ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ. სერიოზული მსჯელობისა და აწონ-დაწონის შედეგად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და დანარჩენი საკითხების შესახებ განცხადებები უკვე ადმინისტრაციების მხრიდან გაკეთდება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ, და მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.