საქართველოში კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში კავკასიაში ყველაზე დიდი და საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი გაიხსნება.

პროექტი, რომლის სპონსორიც ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდია,” ექვს თვეში დასრულდება.

დღეს კი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის” მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, მუდმივმოქმედი გამოფენის დათვალიერების საშუალება სტუმრებს უფასოდ ექნებათ.

,,წიგნის მუზეუმი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მასში განთავსდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საგანძური. ფართო საზოგადოებას და დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, ნახონ უნიკალური წიგნები”, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

მისივე თქმით, მუზეუმი მნახველს ისეთი გამოცემების ნახვის საშუალებას მისცემს, როგორიცაა ვახტანგისეულ სტამბაში გამოცემული ,,სახარება, ” ,,ვეფხისტყაოსანი,” 1629 წლით დათარიღებული ქართულ-იტალიური ლექსიკონი თუ სხვა უნიკალური და ისტორიული მნიშვნელობის წიგნები.

ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხა 410 ათასი ლარია. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პროცესში თანხის რაოდენობამ შესაძლოა მოიმატოს.

1916 წელს აგებულ შენობას სარესტავრაციო სამუშაოები პირველად უტარდება.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე