დიმიტრი ქუმსიშვილი -  Check in Georgia-ს ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა 35 ფესტივალზე ნაწილდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ პროექტ Check in Georgia-სთვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავებზე არ ნაწილდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 1 მილიარდ 935 მილიონი დოლარი იყო ის კონტრიბუცია, რომელიც ტურიზმმა ქვეყანაში შემოიტანა.

„ის არის ერთადერთი დარგი, სადაც ჩვენ ვართ აბსოლუტურად დადებით ბალანსში სერვისებში და ჩვენს საგადასახდელო ბალანსზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს, ტურიზმში დასაქმებულია 180 000 ადამიანზე მეტი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ტურიზმი უნდა გავზარდოთ და ამ ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლები უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, კონცერტები ტურიზმზე უაღრესად დადებით შედეგს მოახდენს.

„ჩვენი მეთოდოლოგიით, 55 000 საერთაშორისო მგზავრი რომ დაგვემატოს მარტო ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, ქვეყანაში ეს თანხები შემოსული იქნება. დღეს რა თანხებზეც ვსაუბრობთ, ეს არის ის, რაც ნაწილდება 35 ფესტივალზე. ეს არ ნაწილდება მხოლოდ ვარსკვლავებზე. მათ რაც შეეხება, იქ არის კონკრეტულად ლიმიტირებული თანხები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გარდა ამისა, ქვეყანა და მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კარგად აღინიშნოს.

„საკმაო თანხები უნდა დაიხარჯოს და იხარჯება ქართველ შემსრულებლებზე ქართული კულტურის განვითარებაზე”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.