გია ხუხაშვილი - ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ის, რომ საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ არის.

გია ხუხაშვილი ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ზოგადად, ყოველთვის ჰქონდა პრეტენზიები NDI-სთან, მის პოლიტიკურად ანგაჟირებულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში კვლევის ტენდენციებს იზიარებს.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ ეს მდგომარეობა მხოლოდ ხელისუფლების ბრალია, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი გარე ფაქტორი მოქმედებდა ამ პრობლემების ფორმირების პროცესში.

”ბუნებრივია მეტი ადამიანი არის უკმაყოფილო იმიტომ, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი, მდგომარეობა გაუარესდა იმ ფონზე, როდესაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ჩვენ, სამწუხაროდ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურება პირდაპირ აისახება სამომხმარებლო კალათაზე.

ხელისუფლების ბრალი ის გახლავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. ზედმეტად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. შესაბამისად, ამ პრობლემების შემარბილებელი ბალიშის ფორმირება არ მოხდა. ქვეყანაში არ იქმნება დამატებითი ღირებულება, ეს აძლიერებს მეორე პრობლემას, რაც გახლავთ ტოტალური უმუშევრობის პრობლემა. ეს პაკეტში გვაძლევს ასეთ სურათს.

იმისდა მიუხედავად, რამდენად დიდია ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, ამაში გარკვევა არ აინტერესებს მოსახლეობას. ის ცალსახად პასუხისმგებლობას საკუთარ მატერიალურ სიდუხჭირეზე აკისრებს ხელისუფლებას. პრინციპში ამ ტენდენციას ასახავს ეს კვლევა. პროცენტები შეიძლება იყოს საკამათო, მაგრამ ტენდენციები სამწუხაროდ არ არის საკამათო”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1%-მა აღნიშნა, რომ ”ძალიან კარგი”, 2 %-ის შეფასებით ”კარგი”, 29 %-ის აზრით ”საშუალო”, 40 % მიიჩნევს, რომ ”ცუდი”, 26 % ფიქრობს, რომ ”ძალიან ცუდი”, 2 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს. შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10 %-მა აღნიშნა, რომ ”უკეთესად”, 47 %-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”, ხოლო 42 %-ის განცხადებით, ”უარესად”.