არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრი - საჭიროა, მეტი ინვესტიცია საქართველოში

ვფიქრობთ, საჭიროა მეტი ინვესტიციები საქართველოში, უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი,

- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრმა სულთან ბენ საედ ალ მანსურიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

მისი განმარტებით, საქართველო ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც არაბ ვიზიტორთა რიცხვის მკვეთრი ზრდაც ადასტურებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყნის განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ბიზნესურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის განვითარება. არაბთა გაერთიანებული საემიროები არის ქვეყნის დინამიური, სწრაფი განვითარების შესანიშნავი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი ვიზიტის მიზანია თქვენს ქვეყანასთან და კომპანიებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის დამყარება,”- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს რეფორმების გატარებისა და თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის პროცესში.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე - ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, რაც სერიოზულად ზრდის საქართველოს, როგორც საინვესტიცო ქვეყნის, მიმზიდველობას. საქართველომ მიაღწია პროგრესს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ელოდება უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.

”ახლახანს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე ცნობილი, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. ეს დოკუმენტი არა მარტო აუქმებს საგადასახადო, არამედ მარეგულირებელ ბარიერებსაც, რომლებიც წარსულში აბრკოლებდა ქართული პროდუქციის გატანას ევროპის ბაზარზე. დღეს დილით ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში, რომლის დროსაც დაისვა ასეთი კითხვა: „რამდენად შეიცვალა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ?“ შემიძლია გითხრათ, რომ ეს კითხვა არ არის აქტუალური საქართველოს შემთხვევაში, რადგანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენთან შეინიშნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა, ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა შეიცვალა ისე, რომ დღეს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა წარმოებასა და ევროკავშირში გასატან პროდუქციასა და მომსახურებას. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებსაც თავად არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენი ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ასევე ჩვენი თანამედროვე ელექტრონული მმართველობის მომსახურება,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრას კომპანიების: “Chairman&Ceo OF DP World”-ის, “Sharaf Group”-ის, “Majid Al Futtaim Holding Ceo”-ისა და “Strada “Ontime Group”-ის წარმომადგენლები და ქართული კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში სტუმრობა შესთავაზა, რათა ადგილზე გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.