უკრაინისთვის ვიზების გაუქმების საკითხზე ევროპული კომისია ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივით 14 აპრილს მიმართავს

14 აპრილს ევროპული კომისია ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას გადაუგზავნის, რომელიც უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობს, ვიზების გაუქმებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „პოლონეთის რადიო“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ევროკომისიაში არსებობს გეგმა, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა 14 აპრილს წარედგინოს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკომისია მიმდინარე თვეში გეგმავდა უკრაინისთვის ვიზების გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას.

ამავდროულად, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი ჰოლანდიაში 6 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერის შესახებ. საბოლოო მონაცემების თანახმად, ამ შეთანხმების წინააღმდეგია გამოკითხულთა 61%, მომხრე - 38,21 %.