15 აპრილს Set Fest-ის ფესტივალი Spring Set გაიმართება

რიყის მუსიკალურ თეატრსა და საგამოფენო ცენტრში, 15 აპრილს Set Fest-ის ერთდღიანი ფესტივალი Spring Set გაიმართება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების გასაშუქებლად თბილისს ყველაზე გავლენიანი მუსიკალური გამოცემების Resident Advisor-ის და Fact Magazine-ის ავტორები ეწვევიან. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი Spring Set-ის ჰედლაინერი გახლავთ.

Ten Walls არის არტისტი, რომელიც გასულ წელს სოციალურ ქსელში გავრცელებული ჰომოფობიური განცხადების გამო დაბლოკეს. მუსიკოსმა ბოდიში მოიხადა და ახალი ალბომის გამოშვების შემდეგ ტურნეს სწორედ საქართველოდან იწყებს. ალბომს Equalized ქვია, რაც ითარგმნება როგორც “გათანაბრებული”. “არტისტი საკუთარი ინიციატივით გამოეხმაურა Set Fest-ის კამპანიას #მნიშვნელობა არა აქვს და გამოთქვა სურვილი, სწორედ ჩვენგან დაეწყო ტურნე”, - ამბობს ფესტივალის პიარმენეჯერი ნიკა დვალიძე.

მასთან ერთად ფესტივალზე მოსული მელომანები ქართველ და უცხოელ არტისტებს მოუსმენენ.

Gregor Tresher არის პროდიუსერი გერმანიიდან, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული 2008 წელს გახდა.

Tummertott განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მელომანებისთვის, რადგან ექსპერიმენტული და გამორჩეულია, მის მუსიკაში ხშირად ცოცხალ ინსტრუმენტებსაც აღმოაჩენთ.

Beqa Kundalini არის ქართველი არტისტის ვიდეოს “ის ვინც” 75 000-ზე მეტი ნახვა აქვს youtube-ზე, მელოდიის გარდა განსაკუთრებით საყურადღებოა ქართული ტექსტი, რაც ქართულ ელექტრონული მუსიკის ნამუშევრებში იშვიათობაა.

TU JI-იც ქართველი არტისტია, რომელიც საინტერესო ჟღერადობით გამოირჩევა, იგი პუბლიკისათვის ცნობილია მისი პროექტით - ოიმაქტა.

Set Fest წელს 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალების სერიის მთავარი, ორდღიანი Tbilisi Summer Set 8-9 ივლისს გაიმართება და ორ პარალელურ რეჟიმში მომუშავე სცენას, ახალგაზრდა გამომგონებლების და ხელოვანების თანამედროვე ნამუშევრების გამოფენას და სხვადასხვა ვორკშოპებსა და ტრეინინგებს მოიცავს.

Set Fest-მა 5 წლის მანძილზე უნიკალური არტისტების ჩამოყვანა მოახერხა და ქართულ კლუბურ სივრცეში მასშტაბური ღონისძიებებისა და ფესტივალების კულტურა პირველმა დაამკვიდრა.