ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

შალვა დადიანის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე N34/17-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, გამაგრდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ, შალვა დადიანის ქ. N32-ში მდებარე შენობას.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შალვა დადიანის ქ. N34/17 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი „icomos საქართველოს“ მიერ შეიქმნა.

”XIX საუკუნის შუა ხანებში აგებული სახლი, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია და ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, ისტორიული შენობა ძველი პროექტის მიხედვით აღდგება. თბილისის განვითარების ფონდმა ორივე შენობის სარეაბილიტაციო- სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება იწყება 29.04.2016 00:00 საათზე და მთავრდება 04.05.2016 14:30 საათზე”, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, შალვა დადიანის ქ. 34/17 და N32-ის სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 1 640 570 ლარს შეადგენს.

სატენდერო პირობების ხილვა მომსახურების შესყიდვაზე შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გამოიყენონ საკონტაქტო ინფორმაცია : 2 47 00 14 info@tdf.ge