პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „კემპინსკში“ გამართულ პეკინის „როტარი კლუბის“ (Rotary Club of Beijing) შეხვედრაზე, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ღონისძიება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში დავით აფციაური გამოვიდა და სტუმრებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა გააცნო. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიის 12 დასახელების ქართული ღვინო.

„როტარი კლუბის“ ღონისძიება ქართული ღვინის საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინეს: შატო მუხრანის "პრინცის რეზერვი", უსახელაურის „უსახელაური“, დავით მაისურაძის "მუკუზანი", თელედას "რქაწითელი" და "საფერავი" და თელიანი ველის "საფერავი". შემოსული თანხა 6100 RMB (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) 21 აპრილს ბავშვთა ორგანიზაციას „Chunmiao Little Flower“ საჯაროდ გადაეცემა.

პროექტის მხარდაჭერისათვის, პეკინის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტმა დანიელ ალბრეხტმა (Daniel Albrecht) მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ელჩს დავით აფციაურს, ღონიძიებაში მონაწილეობისა და უნიკალური ქართული ღვინის წარდგენისათვის.

„როტარი კლუბი“ არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიონალ ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად, მსოფლიოს 200 ქვეყანაში დაფუძნებულია 33 ათასი „როტარი კლუბი“, რომლებიც 1,2 მლნ როტარიელს აერთიანებს.

პეკინის „როტარი კლუბი“ 1924 წელს შეიქმნა და 47 წევრისაგან შედგება.