ნოდარ ხადურმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, ჯიმ კიმმა. ფორუმს ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და მსხვილი გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის კორპორაციების გენერალური დირექტორები.

გამომსვლელებს შორის იყვნენ ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი და ”აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტი, ძინ ლიცუნი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გლობალური კავშირების ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სტიმულირებას მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის გზით. ევრობანკის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო საქართველოში განხორციელებულ პროექტებს და წარმატებულ გამოცდილებას.