უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ნავთობზე ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი ერთბაშად 5%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც დოჰაში უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების შეხვედრა ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა.

დღევანდელი დილის ვაჭრობის შედეგად აშშ-ის ნედლ ნავთობზე ფასი 5%-ით - 2,02 დოლარით დაეცა და ბარელზე 38,84 დოლარი შეადგინა. 4,55%-ით, 1,97 დოლარით შემცირდა „ბრენტის“ მარკის ფასი და ბარელზე 41,13 დოლარი შეადგინა.

დოჰაში გამართულ შეხვედრაზე ნავთობმწარმოებლები ნავთობზე ფასის ზრდის მიზნით, „შავი ოქროს“ მოპოვების დროებით გაყინვაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა ოპეკ-ის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო შეთანხმება ვერ შედგა.

შეთანხმების მიღწევას ხელი შეუშალა საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაძაბულობამ. „ბიბისის“ ცნობით, ირანი შეხვედრას არ დასწრებია. თავის მხრივ, საუდის არაბეთი - მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი, იმ შემთხვევაში აცხადებდა თანხმობას ნავთობის მოპოვების გაყინვაზე, თუ ოპეკ-ის ყველა წევრი, მათ შორის ირანიც, გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა.

ირანმა კი განაცხადა, რომ „გაყინვაზე“ მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბუნდება, რაც ნავთობის მოპოვების სანქციებამდე არსებულ ნიშნულს - დღეში 4 მილიონ ბარელს დაუბრუნდება. 

თებერვალში რუსეთი, ყატარი, ვენესუელა და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაყინვაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ისინი მზად იყვნენ ეს ნაბიჯი იმ შემთხვევაში გადაედგათ, თუ ამას სხვა მწარმოებლებიც დაუჭერდნენ მხარს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ნავთობის ფასი მინიმუმამდე დაეცა და ბარელზე 27 დოლარი შეადგინა. თუმცა, გასულ კვირას „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 45 დოლარს მიუახლოვდა.