ნარმანია და მისი ძმა სამშენებლო კომპანიებს ლობირებენ? - ელისაშვილის მორიგი ბრალდება თბილისის მერს

ანგია ბოჭორიშვილის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის უკან თბილისის მერის დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანია დგას, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ყველა უბანში გამაოგნებელი სამშენებლო ნებართვები გაიცემა და უკვე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები ექმნება ქალაქს და ასევე იერსახე მახინჯდება. უკვე ირღვევა ადამიანების უფლებები, კონკრეტულად ის, რომ ადამიანს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება აქვს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ანგია ბოჭორიშვილის ქ. #15-ში, სადაც ორსართულიანი სახლის გვერდით 10-სართულიანი კორპუსი შენდება. მისივე თქმით, აქვე დაგეგმილია კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობა. მშენებლობა მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევისა და მომიჯნავე სახლების ექსპერტიზის გარეშე. ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, სახლებს შპს „ბალავარი“ აშენებს, რომელსაც არაკანონიერად ირაკლი ნარმანია მფარველობს.

„სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა უკანონო მშენებლობებზე ნებართვის გაცემა, კოეფიციენტის გაზრდა და სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიუხედავად, გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების მიხედვით მშენებლობა შეჩერდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშენებლობა გრძელდება.

„ზედამხედველობამ „ბალავარის“ მშენებლობა გააჩერა, მაგრამ ქალაქის მერმა ზედამხედველობის დადგენილება გააუქმა და მშენებლობის ნებართვა მისცა“, - განაცხადა ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებმა მზია თეზელიშვილმა.

ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ნარმანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შპს „ბალავარის“ იურისტი იყო.