კახა კალაძე სოფელ ცდოს მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოს მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, არის რაღაც გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ.

”არანაირი მიგრაციის პრობლემა არ არსებობს. იქ არის რაღაც გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები. მე ერთი რამ მიკვირს, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე დარგის ხელმძღვანელს, ჩინოვნიკს იმისთვის ათავისუფლებენ, რომ სამუშაოს სათანადოდ ვერ ასრულებს. საქართველოში არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ჩვენ ვაკეთებთ და ამაზე გვაკრიტიკებენ. ეს წარმოუდგენელია. ეს არის გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები. სოფელში არსებობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ჩვენ ვახორციელებთ ამ ხაზის გამოცვლას, ანუ ახლით ჩანაცვლებას”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ტელევიზიით არსებული ფაქტების არასწორად გადაცემა ხდება.

”ჩემი თხოვნა იქნება, რომ გადაამოწმოთ და სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ეს მაღალი ძაბვის ხაზი გადადის სოფელზე, ჩვენ ახალი პროექტით 4 საყრდენი სოფლიდან მოშორებით გადაგვაქვს იმისთვის, რომ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ. რა არის ამაში პრობლემა, ჩემამდე არ დადის. საუბარია, რომ სამომავლოდ სამინისტრო გეგმავს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და მოთხოვნა იყო, რომ სოფელზე არ გასულიყო. პირადად მე მივეცი პირობა, რომ ეს ხაზი სოფელზე არ გაივლიდა, რადგან არსებობს ალტერნატიული გზა, სადაც შეიძლება ამ პროექტის განხორციელება. შესაბამისად, 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობის გადაწყვეტილება როდესაც იქნება მიღებული, მე პირობას ვიძლევი, რომ ეს ხაზი სოფელზე არ გაივლის”, - განაცხადა კალაძემ.

ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში მოსახელეობა სოფლის შუაგულში 220-მეგავატიანი სიმძლავრის სადენების გაყვანას აპროტესტებს. მათი განცხადებით, სადენების გასაყვანი ალტერნატიული სივრცე არსებობს, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა მეტ თანხებთან იქნება დაკავშირებული.