”ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2012 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება წარმატებით განახორციელა

”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2012 წლის გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება წარმატებით განახორციელა, - ამის შესახებ ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.

”ახალი ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა 2016 წლის 19 აპრილს. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა შეადგენს 5 წელს (დაფარვის თარიღი 2021 წლის 26 აპრილი), შემოსავლიანობა 7,00%-ს, ხოლო გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი ე.წ. კუპონი - 6,75 %-ს. ევროობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა “როუდ შოუები“ დიდ საფინანსო ცენტრებში, რომელიც კორპორაციის მენეჯმენტმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამართა”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროობლიგაციების რეფინანსირება საშუალებას მისცემს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, გააძლიეროს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია და ასევე ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურებისა და მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტების განვითარება.