რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ევროკავშირის მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი იან ვანდერსი, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი ბრიუსელიდან ვიოლა კალაბრესე, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან მიურიელ ლამბერტი რუსთავის #6 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, #6 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ.

ევროკავშირის, რუსთავის მერიის, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებმა #6 საბავშვო ბაღის შემდეგ, 40 -ე და 41-ე ბაღებიც დაათვალიერეს, რომელთა ენერგოეფექტური რეკონსტრუქციაც პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდება. #6; მე-40 და 41-ე ბაღების დათვალიერების შემდეგ, სტუმრები რუსთავის მერიაში ქალაქის მერს დავით ჯიქიას, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი პროექტის მიმდინარეობის პროცესს შეეხო. პროექტის განმახორციელებელი მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა კარინე მელიქიძემ პროექტის განხორციელების ეტაპებისა და უკვე შესრულებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით, ასევე რუსთავის მერიის თანადაფინანსებით, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი ახორციელებს პროექტს - "ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით".

რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, მე-6 საბავშვო ბაღში ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დასრულდა, ზაფხულში რუსთავის მერია დაიწყებს ბაღის რეაბილიტაციას და სექტემბრიდან ქალაქს ექნება სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების ბაღი.

,,რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტიაცია მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით, იმის გარდა, რომ რუსთავის მერია ამ პროექტის დაფინანსებაში 20%-იანი წილით იღებს მონაწილეობას ჩვენ საკუთარი სახსრებით სრულად ვარემონტებთ ამ ბაღებს“ , - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

პროექტი - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ 2015 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 808 765 ევროს შეადგენს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების წილი ამ თანხის 20%-ია. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში №6 საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის, ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება მოხდა.

რეკონსტრუქციის სამუშაოები სააქციო საზოგადოება „საქფეთქმრეწვმა“ შეასრულა. რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი ზაფხულში განხორციელდება და მოხდება მთლიანი შენობის გარე კონსტრუქციის დათბუნება. 2016 წლის აპრილში ქალაქ რუსთავის #40 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაიწყება.