ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში მიიღებს

ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, 4 მაისს წარდგენილი იქნება ანგარიში, თუ რამდენად ასრულებს ანკარა ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას. თუ გაირკვა, რომ თურქეთმა აღებული ვალდებულებები შეასრულა, ევროკომისია თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოვა.

ბრიუსელი აღნიშნავს, რომ ამისთვის თურქეთმა შეთანხმებით გათვალისწინებული 72 კრიტერიუმი უნდა შეასრულოს. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით თურქეთმა ვერ მიაღწია საჭირო პროგრესს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მიგრანტებისთვის თავშესაფრის გაცემის პროცედურის დაჩქარება, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

ევროკავშირი ასევე ითხოვს, რომ თურქეთმა სავიზო რეჟიმი დააწესოს იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც განსაკუთრებით ბევრი მიგრანტი ჩადის.