ოთარ დანელია - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქართული თხილის პოპულარიზაცია მოვახდინოთ

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქართული თხილის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ღვინის ექსპორტის კუთხით 51%-იანი ზრდაა.

”სწორედ ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი იყო, რომელმაც შარშან იკლო გასაგები მიზეზების გამო და იმის გამო, თუ რა ხდებოდა რეგიონში, თუმცა ტენდენციები სტაბილურდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შარშანწინდელ ნიშნულთან ახლოს მივალთ”, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია თხილი და ღვინო.

რაც შეეხება თხილის ფასს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საბაზრო ეკონომიკის პირობებია, ფასი შემცირებულია, თუმცა ეს ბირჟაზე ხდება და საქართველო მასზე მიბმულია.

”ფასი შემცირებულია, ფასი თამაშობს, მაგრამ ბირჟაზე ხდება ასე და ბუნებრივია, საქართველო არის მიბმული და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ თხილის რეგლამენტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქართული თხილის პოპულარიზაცია გავაკეთოთ, რომ ეს იყოს ასოცირებული მაღალ სტანდარტთან. ვინაიდან იყო სამწუხარო ფაქტები, როდესაც შემადგენლობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი და ამ სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა დანელიამ.