ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მოსაკრებლის ზედა ზღვარი დგინდება

ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობის ზედა ზღვარი დგინდება.

ამასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილია “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობაა ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%.

როგორც მთავრობა განმარტავს, სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების მოცულობაზე და ხშირ შემთხვევაში, დიდი მოცულობის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობამ (ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%-იდან გამომდინარე), შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა შეადგინოს.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.

გარდა ამისა, კანონის გარდამავალ დებულებებს ემატება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ 2021 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი პირები არ გადაიხდიან ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციისათვის დაწესებულ სარეგისტრაციო მოსაკრებელს და ეროვნული ბანკი აღნიშნულ რეგისტრაციას განახორციელებს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინების გარეშე.

“ამდენად, კანონპროექტი ითვალისწინებს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათის დაწესებას რეგისტრაციის მაძიებელი პირებისათვის, ვინაიდან აღნიშნული პირები 2021 წლის 1 იანვრამდე სრულად თავისუფლდებიან “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.