ქართული ჩაი ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს

მეორე წელია, რაც ,,ნატურა თი კომპანის” მიერ წარმოებული ქართული ჩაი როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანია ამ ეტაპზე ოთხი სახეობის ჩაის რეალიზაციას ახდენს. სხვადასხვა პერიოდულობით ქართული ჩაი იტალიაში, ირლანდიასა და ჩეხეთში გადის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბერდია ელგუჯაური ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, ევროპის ქვეყნებში ჯერჯერობით პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილი გავიდა, თუმცა თანამშრომლობა გრძელდება და მომავალში ახალი ბაზრების ათვისებაც იგეგმება.

,,ნატურა თი კომპანიის” მიერ წარმოებული ჩაი მაღალ საფასო სეგმენტში შედის. ერთი კილოგრამი შავი ჩაის ღირებულება საშუალოდ 83 ლარია.

როგორც ბერდია ელგუჯაური აღნიშნავს, შესაძლოა, მალე საწარმოში მაღალი სტანდარტის ჩირის წარმოებაც დაიწყოს.

ფაბრიკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდებარეობს. ,,ნატურა თი კომპანიაში” მუდმივად 19 ადამიანია დასაქმებული. 50 ადამიანი კი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჩაის პლანტაციებში პერიოდულად მუშაობს. საწყის ეტაპზე მასში 800 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ,,ნატურა თი კომპანის” მფლობელმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლიზინგის კომპონენტით 59 778 აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლითაც ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები შეიძინა.

ქრისტინე გამთენაძე