ავსტრალიური კომპანია 2016 წელს ჩინეთში ნავთობისა და გაზის რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და საქართველოდან შეტანას გეგმავს

ავსტრალიური კომპანია Skyland Petroleum Limited-ი 2016 წელს ჩინეთში ნავთობისა და გაზის რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და საქართველოდან შეტანას გეგმავს. ამის შესახებ ჩინური მედიის ცნობით, კომპანიის წარმომადგენელმა დევიდ რობსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია გეგმავს აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე რამდენიმე მსხვილი ნავთობ და გაზსაბადოდან აქციების წილი შეიძინოს.

„ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ნავთობის და გაზის ტრანსპორტირება მოხდება ჩინეთის იმ რეგიონებში, როგორიცაა ხეილუნცზიანი, ლიაონინი, პეკინი და შანხაი, ამისთვის კი ნავთობსადენ „აღმოსავლეთ ციმბირი - წყნარი ოკეანე“ და გაზსადენ „ციმბირის ძალას“ გამოიყენებენ. Skyland Petroleum ითანამშრომლებს ჩინეთის სახელმწიფო საწარმოებთან, ასევე კერძო კომპანიებთან ნავთობისა და გაზის მოპოვების განვითარების კუთხით აღმოსავლეთ ციმბირის რეგიონში“, - განაცხადა რობსონმა.

მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ ჩინეთში ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება საქართველოდანაც მოხდეს. ჩინური გამოცემის ცნობით, Skyland Petroleum არის ნავთობკომპანია, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი აქვს ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, როგორიცაა რუსეთი, ტაჯიკეთი და საქართველო.