რას გულისხმობს ISO სერთიფიკატი და რა შემთხვევაში ენიჭება მწარმოებელს იგი?

მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ნდობის ხიდი კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის ხარისხზე გადის. სწორედ ხარისხი არის ის გარანტი, რომელიც მომხმარებლის კეთილგანწყობას განაპირობებს.

ხარისხი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ მწარმოებელმა ადვილად დაიკავოს ადგილი ბაზარზე, სადაც დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მძაფრი კონკურენციაა გაჩაღებული. შესაბამისად, როდესაც წარმოდგენილი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტურობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, მით უფრო მაღალია მომხმარებლის ნდობა და მით უფრო ადვილად იზიდავს სასურველ მომხმარებელს მწარმოებელი.

ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ISO 9001-ს სახელითაა ცნობილი, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კომპანიის პრესტიჟულობას.

ISO (International Organization for Standardization) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს. ISO 9001 ISO 9000-ის სტანდარტების სერიაში შედის. ეს არის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ორგანიზაციისა და საწარმოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემისადმი მოთხოვნებს აღწერს.

ISO გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს და მიზნად არა მხოლოდ მეწარმეების, არამედ საზოგადოების დაკმაყოფილებას ისახავს. ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა.

ექსპერტთა განცხადებით, ISO-ს სტანდარტები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ვინაიდან მათი მეშვეობით: პროდუქტებისა და მომსახურების წარმოება და მიწოდება უფრო ეფექტური, უსაფრთხო და სუფთა ხდება, იზრდება პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

ISO-ს ისტორია 40-იანი წლებიდან იწყება. 1946 წელს ლონდონში მსოფლიოს 25 წამყვანი ქვეყნის 65 დელეგატი შეიკრიბა, რომელთაც სტანდარტის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ბაზრის ყველა მოთამაშისთვის იქნებოდა მისაღები. ამავე შეხვედრაზე 67 წამყვანი ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ახალი საბაზრო ეტალონების შექმნა დაევალათ.

დღესდღეობით, მსოფლიოში 20 ათასამდე სხვადასხვა სტანდარტია, სტანდარტიზაციის საერთშაშორისო ორგანიზაციის წევრი კი მსოფლიოს 164 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

ISO-ს სტანდარტებს შორის რამდენიმე მათგანს - ISO 9001, 2008 და ISO 22000 : 2005 - ქართული კომპანიებიც ფლობენ.

კომპანია „ნიკორას“ ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოების გარდა, კომპანიისთვის ეს არის ერთგვარი რეკლამაც, რომ წარმოებაში დანერგილი აქვს ხარისხი.

„ეს არ არის ერთი ფარატინა დოკუმენტი. ეს არის დანერგილი სისტემა, რომ მართო ყველა რგოლი დაწყებული ნედლეულის შესყიდვის, დახარისხების, საწარმო კონტროლის მექანიზმებიდან და დამთავრებული საფრთხეების კონტროლით. ეს არის მთელი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ხარისხის მუდმივ კონტროლს საწარმოში, სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას, სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას და ასე შემდეგ. ჩვენი კომპანია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

ISO-ს ინსტრუქციების შესაბამისად საწარმოში ყოველდღიურად ხდება მანქანა-დანადგარების დეზინფექცია-დასუფთავება. მკაცრად მოწმდება პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელის ჰიგიენა და საწარმოში ქცევის წესები.

წესები ერთნაირად მკაცრია, როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე საწარმოს ტერიტორიასა და მანქანა-დანადგარებთან მიმართებაში. სისტემატიურად ხდება საწარმოების დეზინსექცია-დერატიზაცია... ამას გარდა, ჰოლდინგში ფუნქციონირებს თანამედროვე მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც წარმოებული პროდუქციის ხარისხს ყოველდღიურად ამოწმებს და ეს მხოლოდ მცირედია იმისა, რასაც ISO-ს მოთხოვნები ითვალისწინებს“, - აცხადებს კომპანია „ნიკორას“ წარმომადგენელი.

სერტიფიკატი გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ. წელიწადში ერთხელ კომპანიებს უტარდებათ გეგმიური აუდიტი, რესერტიფიცირება კი სამ წელიწადში ერთხელ ხდება. სანამ კომპანიას ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭება, მანამდე კომპანიაში წინასასერტიფიკაციო სამუშაოები ტარდება. საერთო ჯამში, ხარისხის მართვა ნიშნავს, რომ კომპანია უვნებელ პროდუქტს უშვებს და სთავაზობს მომხმარებელს.

პროდუქციის და მომსახურების მაღალი ხარისხი – სწორედ ამ ღირებულებებზე საუბრობს „PSP ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნათია ხაბეიშვილი. პირველად ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი GMP-იმ მიიღო, შემდეგ იყო სააფთიაქო ქსელი და ეს იყო პირველი პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, 2009 წელს კი სერტიფიცირება სადისტრიბუციო ქსელმა გაიარა. მას შემდეგ, ყველა ეს კომპანია გარკვეული პერიოდულობით გადის საკონტროლო აუდიტს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპოვებული ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი უნდა დადასტურდეს მაღალი ხარისხის შესაბამისობით. ამ მაჩვენებლების შენარჩუნება კი ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია. რაც უფრო დიდი კომპანიაა, მით უფრო რთულია ამ პროცესის ორგანიზება, თუმცა ჩვენ გვაქვს როგორც შესაბამისი რესურსი, ასევე სათანადო გამოცდილება, რომ წარმატებით გავიაროთ საკონტროლო აუდიტი. 22 წელია ვართ ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში PSP-ს მთავარი ორიენტირი იყო ხარისხი. ხარისხი, როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების. მომსახურების ხარისხის განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, არის კმაყოფილი მომხმარებელი და ის სერტიფიკატი, რითაც დასტურდება, რომ ამ კომპანიაში ხარისხის მართვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება“, – ამბობს ნათია ხაბეიშვილი.

ფაქტია, რომ ისეთი „მაღალი კალიბრის“ საერთაშორისო სერტიფიკატი, როგორიც ISO-ა კომპანიის მაღალ სტანდარტებს უსვამს ხაზს და მომხმარებელს მის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობითა და ლოიალობით განაწყობს.