ტურიზმის ადმინისტრაცია და ”IDS ბორჯომი საქართველო” თანამშრომლობას იწყებენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ”IDS ბორჯომი საქართველო” რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობას იწყებენ.

”IDS ბორჯომი საქართველოსა” და ტურიზმის ეროვნულ ადმიანისტრაციას შორის დღეს პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ მოაწერეს ხელი.

”ბორჯომი” გახლავთ ერთ-ერთი ისეთი ბრენდი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ბრენდთან აქტიური თანამშრომლობა. ასევე ჩვენ დავაანონსეთ ახალი გასტრონომიული ვებრგვერდის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურების განვითარებას, ასევე გასტრონომიულ ტურიზმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეს გაფორმებული მემორანდუმი მომავალ თანამშრომლობას განსაზღვრავს”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

თავის მხრივ, ”IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონული ტურიზმის, რეგიონული კულინარიის განვითარებას, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას.

”ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციისთვის, მისი ცნობადობის ამაღლებისთვის. ტურიზმის განვითარებით მოხდება ქართული პროდუქციის, მათ შორის, ”ბორჯომის” ცნობადობის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ამ პროდუქცის უფრო მეტ რეალიზებას. ”ბორჯომი” წარმოდგენილია 40 ქვეყანაში. ყველა ამ ქვეყნიდან ჩვენ ვიწვევთ წარმომადგენლებს და ვაძლევთ საშუალებას, რომ გაეცნონ ქართულ რეგიონულ კულინარიას და შესაბამისად, ჰქონდეთ წვდომა ქართულ კულტურასთან. რა თქმა უნდა, ქართული კულინარია და ”ბორჯომი” ორი ურთიერთდაკავშირებული ცნებაა. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული ტურიზმისა და რეგიონული კულინარიის განვითარებას”, - განაცხადა კიკვაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ”ბორჯომის” მიერ შექმნილი გასტრონომიული პორტალის (Gastroguide.borjomi,com/ge) პრეზენტაცია გაიმართა. საიტი სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული). როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, თანდათან არსებულ კონტენტს დაემატება ბევრი ახალი და საინტერესო რეცეპტი, სიახლე თუ ინფორმაცია გასტრონომიული სახის ტრენდების შესახებ.