ოთარ დანელიამ მეფუტკრეობისა და მეკალმახეობის განვითარების მიმართულებით დაფინანსებული მეურნეობები დაათვალიერა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, გურიის რეგიონის გუბერნატორ გია სალუქვაძესთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ოზურგეთში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისა და მეკალმახეობის განვითარების მიმართულებით დაფინანსებული მეურნეობები დაათვალიერა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრმა გივი ნინიძემ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 30 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და საფუტკრე მეურნეობა გააფართოვა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მეურნეობამ შპს „აგიამ“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა და 420 500 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით წარმოება გააფართოვა.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტები სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას ემსახურება. მეფუტკრეობის და მეთევზეობის დარგების განვითარება ჩვენი პრიორიტეტებია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. დარგების სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დაინერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მეთოდოლოგიები. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ როგორც სამეცნიერო მიმართულებით და ადგილობრივი ფერმერების ცოდნის ამაღლების, ისე სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინიტროს პროექტების მართვის სააგენტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 2013 წელს დაიწყო და პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისთვის 700 საწარმოა გაფართოებულ-გადაიარაღებული.