მონოპოლიები საქართველოში - ვინ აწესებს ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე

ბაზარზე არსებული დომინანტი პოზიციების შედეგები, კონკურენციის დაბალი ხარისხი და პროდუქციასა თუ მომსახურებაზე არსებული არაადეკვატურად მაღალი ფასები, წლებია მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.

კავშირგაბმულობაზე, წყალმომარაგებაზე, ფარმაცევტულ ბაზარზე, ნავთობპროდუქტებსა თუ გაზმომარაგებაზე საქართველოში მონოპოლიური ფასებია დაწესებული.

სიტუაცია, როდესაც ბაზარზე ერთი მწარმოებელი და ბევრი მომხმარებელია, ცხადია, ამ უკანასკნელზე უარყოფითად აისახება.

კომპანიებს შორის არსებულ კარტელურ გარიგებებსა და სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ბიზნესოპერატორების ლობირებაზე ექსპერტები ხშირად აპელირებენ. ქართული მონოპოლიები და ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობის ტემპი allnews-მა სწორედ მათთან ერთად მიმოიხილა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე: ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციაა ფასწარმოქმნის კვლევა. მან არ უნდა დაუშვას მონოპოლიური ფასები და კარტელური გარიგებები სამომხმარებლო ბაზარზე. ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს აღნიშნული სტრუქტურა, მაგრამ საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია მიჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობა არაეფექტურია. "

ექსპერტის აზრით, საქართველოში საქონლისა და მომსახურების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მონოპოლიური და კარტელური ფასებით არის წარმოდგენილი. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუმჭირვალეა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების წარმოშობა და შემადგენლობა. ნოდარ კაპანაძის განმარტებით, თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობაზე, ამგვარი ინფორმაცია უნდა იყოს ღია და ხელმისაწვდომი.

"კარტელურ გარიგებებთან გვაქვს საქმე ფარმაცევტულ თუ ნავთობპროდუქტების ბაზარზეც. საქართველოში ყველა ბიზნესმენის ოცნება მონოპოლისტობაა და კონკურენციის არსებობა უბრალოდ, გამოგონილი ზღაპარია.

მაშინ, როცა სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესები იკვეთება, მოსახლეობის საჭიროებები ნაკლებად საინტერესო ხდება", - აღნიშნავს ნოდარ კაპანაძე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სფეროა, სადაც კონკურენციის წარმოქმნა საკმაოდ რთულია.

"თავად ის ფაქტი, რომ ბიზნესი ცდილობს გახდეს მონოპოლისტი, ცუდი სულაც არ არის, მაგრამ მან ამ დომინანტურ პოზიციას უნდა მიაღწიოს კანონიერი, სამართლიანი გზით და არა - სახელმწიფოს მხრიდან ლობირების შედეგად. როგორც წესი, საქართველოში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე",  - აღნიშნავს აფბა-ს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფნისას, მომხმარებელთა მიმართ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება დიდია. რაც ხშირად პროდუქციაზე მაღალი ფასითა და ხარისხის დაწევით გამოიხატება.

იხილეთ გაგრძელება