თბილისში ავტობუსის 700 ახალი, თანამედროვე მოსაცდელი დამონტაჟდება

კომპანია "ალმა-ტრანსპორტი“ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალ მოსაცდელ კონსტრუქციას განათავსებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი მიმდინარე წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.

ავტობუსების მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცემა. იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Jorunal-ზე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე