მთავრობის ადმინისტრაციასთან „ცენტრ პოინტისა“ და ”დექსუსის“ მიერ დაზარალებულთა აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ცენტრ პოინტი ჯგუფისა“ და ”დექსუსის“ მიერ დაზარალებულთა აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს სხვა მოთხოვნებიც აქვთ. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდეს „ცენტრ პოინტი ჯგუფისა“ და „დექსუსის“ მიმართ საქმის არსებითი განხილვა, ასევე 2016 წლის 8 აგვისტომდე გასამართლდნენ ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და ივანე ცაგურია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ”ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თაღლითობაში ბრალდებულთა მფარველობა და ელიტური კორუფციის წახალისება”. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ”დემოკრატიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლები ყველა ღონეს იყენებენ, რათა სამართლიანობამ არ იზეიმოს.

„ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. ასევე დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემას იმ ხელშეკრულებით, რომლითაც მათ თავის დროზე ეს საკუთრება შეიძინეს და არა გადასახადების დამატებით, რასაც დაზარალებულებს ყოველწლიურად სთხოვენ. სამარცხვინოა, როცა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, არამედ მოქმედი ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ 14 დეპუტატი თავდებში დაუდგა კერვალიშვილებისა და რჩეულიშვილების ოჯახს, საპატიმრო ღონისძიება შეცვლოდათ არასაპატიმრო ღონისძიებით. გათავისუფლებულები კი ყველა ღონეს მიმართავენ სამართლიანობამ არ იზეიმოს“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეები პერმანენტული აქციებს გეგმავენ და შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.