წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში ხაჭაპურის ინდექსი 6,9%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 3,27 ლარამდე შემცირდა, რაც 5%-ით ნაკლებია თებერვალთან შედარებით.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინფორმაციით, მარტის თვის მაჩვენებელი 6,9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ISET-ის ცნობით, ინდექსის თვიური შემცირება ძირითადად, ტრადიციული სეზონური ტრენდისა და 14 მარტს დაწყებული დიდმარხვის გამოა. წლიური ზრდა კი წლიურ ინფლაციასთან არის დაკავშირებული.

ISET-ის მონაცემებით, ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტი (ფქვილის გარდა, რომლის ფასი წლიურად 5.1%-ით შემცირდა) შარშანდელთან შედარებით, გაძვირდა: ყველი - 12.5%-ით, კვერცხი - 1.6%-ით, რძე - 4.3%-ით, კარაქი - 9%-ით და საფუარი 8.6%-ით.

ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ინფლაციის მარტივი და გამჭირვალე ინდიკატორია. ფასებზე დაკვირვება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო თბილისში, შემდეგ კი თანდათან გაფართოვდა საქართველოს სხვა ქალაქებზეც. ამჟამად ხაჭაპურის ინდექსი ითვლება არა მხოლოდ დედაქალაქისთვის, არამედ თელავის, ქუთაისის და ბათუმისთვისაც.

ხაჭაპურის ინდექსის იდეა დაიბადა Big Mac-ის ინდექსისაგან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის შესადარებლად. ხაჭაპურის ინდექსის კალათში შედის სტანდარტული იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გათვალისწინებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე