სოფელ ჭუბერის მცხოვრებლებმა ”ნენსკრაჰესის” მშენებლობა გააპროტესტეს

მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ”ნენსკრაჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უნდა შეჩერდეს მშენებლობა, ვიდრე არ გახდება ცნობილი, არის თუ არა პროექტი ქვეყნისთვის და თემისთვის მომგებიანი და ვიდრე გეოლოგიური საფრთხეების შეფასება არ მოხდება.

ადგილობრივების თქმით, ისინი გადასახლების წინააღმდეგიც არიან და ჰესის მშენებლობაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს სოფლის გზაზე არ გაატარებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“გავრეკავთ აქედან, ეს ჰესი არ უნდა აშენდეს. 20 წლის ბიჭი დამეღუპა, მის სასაფლაოს ვერ მივატოვებთ. ჩვენ გვინდა აქ ცხოვრება და უნდა ვიცხოვროთ აქ”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთარ პაკელიანმა.