შვეიცარიაში ღონისძიებაზე - Wine tasting ქართული ღვინო წარადგინეს

შვეიცარიაში გამართულ ღონისძიებაზე - Wine tasting ქართული ღვინო წარადგინეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, კრისტა მარკვალდერის ინიციატივით ღონისძიება - Wine tasting გაიმართა.

საბჭოს თავმჯდომარის მიწვევით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, შვეიცარიაში აშშ-ს, იტალიის, ესპანეთის, არგენტინისა და ჩილეს ელჩებმა.

”აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ფედერალურ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა 7 ქვეყნის ღვინის დაგემოვნება და თითოეულ ქვეყანაში ღვინის კულტურისა და მისი დამზადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. საქართველოს ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოში ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია, რომელიც 2013 წელს იუნესკო-ს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი. განიხილეს მეღვინეობის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები”, - ნათქვამია განცხადებაში.