გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, დღეს გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 9 მარტს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, კვლავ 8.0 %-ზე დატოვა. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების ეტაპობრივ შემცირებაზე დადებითად აისახება. პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2016 წლის პირველი კვარტალის შემდგომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მაშინ მიიჩნია, რომ პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იყო და განაკვეთი უცვლელად 8.0 პროცენტზე დატოვა.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროცენტის ზრდას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, 9 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ლარში გამოტანილი სესხების პროცენტები უცვლელი დარჩა.