მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ირაკლი ლექვინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეეცადნენ, რომ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მერიის საპარკინგო ტერიტორიაზე არ შეეშვათ.

მერიის ტერიტორიაზე ირაკლი ლექვინაძე ავტომობილით შევიდა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ლექვინაძე შეძახილებით გააცილეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მერიის იმ შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც პარკინგი მდებარეობს. პოლიციამ აღნიშნულ შესასვლელთან კორიდორი გააკეთა.

მერიაში დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაა დაგეგმილი.