ბაზარზე ქართული ასანთი გამოჩნდება

ზაფხულში ბაზარზე საქართველოში წარმოებული ასანთი გამოჩნდება.

ინვესტორი კომპანია ,,მარსი” იმპორტის სრულად ჩანაცვლებას და სამომავლოდ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გატანას აპირებს.

საწარმოს მშენებლობა სამეგრელოს რაიონში, კერძოდ ხობში უკვე დაწყებულია და სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს დანადგარების მწარმოებელ კომპანიებთან, ასევე ნედლეულის საკითხზე და ეტაპობრივად ვემზადებით რეალიზაციის დაწყებისათვის. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ზაფხულში უკვე შევძლოთ პირველი ქართული ასანთის გამოშვება,”- აღნიშნავს შპს ,,მარსის” დირექტორი თამარ ქოიავა.

საწარმო პირველ ეტაპზე წელიწადში 10 მილიონი კოლოფი ასანთის გამოშვებას უზრუნველყოფს, თუმცა ასანთი არ იქნება ერთადერთი პროდუქტი, რაც ქარხანაში დამზადდება. როგორც თამარ ქოიავა აცხადებს, ქარხნის ბაზაზე კბილის ჩხირების, ნაყინის ჩხირებისა და სხვა ხის მასალის პროდუქციის დამზადებაც იგეგმება.

საწარმოში პირველ ეტაპზე დაახლოებით 40 ადამიანი დასაქმდება. თამარ ქოიავას ინფორმაციით, იგეგმება სასწავლო ცენტრის გახსნაც, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხესთან მუშაობის ტექნოლოგიის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

ხობში აღნიშნული ასანთის ქარხანა სამთავრობო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შენდება. საწარმოს შპს ,,მარსი” აშენებს, რისთვისაც მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე