ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერმანიაში შეხვედრები გამართა

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერმანიაში შეხვედრები გამართა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი ჩოგოვაძე ფრანკფურტის ტურისტულ გამოფენას „IMEX 2016”-ს დაესწრო, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

”IMEX 2016”-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. ფრანკფურტის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2016” მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 3500 კომპანია იყო წარმოდგენილი და გამოფენა ძირითადად საქმიან ტურიზმს დაეთმო. საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო ბიურო ჩამოაყალიბა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საქმიანი შეხვედრების გამართვას”, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.