კობა გვენეტაძე - ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ შესაძლოა იმპორტის გაიაფება და ექსპორტის გაძვირება გამოიწვიოს

ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება, ექსპორტის გაძვირება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოში დღესდღეობით მოქმედებს ლარის გაცვლის მცურავი, ანუ ე.წ. თავისუფალი კურსი.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს ინტერვენციები მომავალში, ალბათ, კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, ”რის შემდეგაც კურსი უფრო თავისუფალი იქნება და უფრო კარგად ასახავს ბაზრის მდგომარეობას”.

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების შეჩერებასთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი ფასების სტაბილურობაა და აქედან გამომდინარე, მისი ყველა გადაწყვეტილება ამ მანდატის შესრულებასთან თანხვედრაში უნდა იყოს.

”ასევე იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებდა, ამას ხელი არასდროს შეუშლია ლარის კურსის ბუნებრივ მიმართულებაზე - ანუ შესაძლებელი იყო გარკვეულწილად შემცირებულიყო გამყარების ტემპი, მაგრამ მიმართულება ასევე გრძელდებოდა. ზოგადად, არ არის კარგი არც ძალიან მკვეთრი გამყარება და არც გაუფასურება. როგორც მოგეხენებათ, ლარის მკვეთრმა გამყარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება, ექსპორტის გაძვირება, რამაც შესაძლოა, ისევ უკან დაგვაბრუნოს. ასე რომ, ეროვნული ბანკი მის გადაწყვეტილებებში დაეყრდნობა იმას, რომ გაცვლითი კურსი არის მცურავი და ინტერვენციები, რომელიც განხორციელებული იქნება, მიმართულია იმისკენ, რომ დიდი რყევები აღმოფხვრილი იქნას”, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს და წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკს რეზერვების გაყიდვა მოუწია და მისი შევსებაც აუცილებელია, ამიტომ ეს პერიოდი კარგ დროს წარმოადგენს რეზერვების შევსებისთვის, რაც მოხდა კიდეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არც ერთი ცენტრალური ბანკი, სადაც მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს.

”ჩვენ ვაკვირდებით ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა გაცვლით კურსზე. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ თუ რამე მნიშვნელოვანი შოკები არ მოხდა, ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდ ცვლილებებს არ ველოდებით”, - განაცხადა გვენეტაძემ.