ირაკლი ლექვინაძე - ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირებული ვარიანტის გადახედვა არ იგეგმება

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მიზანმიმართულ კამპანიას ნუ აყვებიან, რათა ბოტანიკური ბაღის ინტერესი და განვითარების პერსპექტივა არ დაზარალდეს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლექვინაძის თქმით, ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა ბაღის ფართობის უცვლელად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალიდან დამოუკიდებლად.

ლექვინაძის ინფორმაციით, კორექტირებული ვარიანტის გადახედვა არ იგეგმება.

”ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2007 წელს, თბილისის არიქტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წელს დადგენილი პირობითი გეგმის მიხედვით, ის მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას და აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა. ამასთან, ძეგლის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უფლებამოსილებას, შესაბამისად, თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.