უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის საკითხზე ”თავისუფალი დემოკრატების” პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა მხარს უჭერს

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” საგადასახადო ინიციტივა განიხილა, რომლის მიზანს 2008 წლის შემდგომ წარმოქმნილი უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერა წარმოადგენს. არსებული ინფორმაციით, პროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. ”საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები, პირველი მოსმენით, დღეს პარლამენტს დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა გააცნო.

“ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს დაუგროვდათ სხვადასხვა სახის სასესხო ვალდებულებები კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ეს გამოწვეულია იმით, რომ თავად მომხმარებელი, მოქალაქე არაჯეროვნად ადევნებს თვალყურს თავისივე გადახდის შესაძლებლობას და იმაზე მეტ სესხს იღებს, დროულად ვერ ახერხებს გადახდას, ან მდგომარეობა ეცვლება, კარგავს სამუშაოს და ასე შემდეგ. ამავე დროს, გვინდა ვთქვათ, რომ ისეთი მდგომარეობა, როგორიც იყო 2008 წლის ომი, შემდგომში მსოფლიო საფინანსო კრიზისი, საკმაოდ მწვავედ აისახა საქართველოზე, იყო ლარის კურსის დევალვაცია და ასე შემდეგ. ცხადია, იმ წლებში ბევრ მოქალაქეს შეექმნა პრობლემები. არის ასობით და ათასობით ადამიანი, რომლებსაც დავალიანებები წარმოექმნა და ისინი საბანკო ვალდებულებებს ვერ ემსახურებიან. მინდა გითხრათ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, ასეთი ადამიანების მიმართ შეუძლებელია სესხის ამოღება - ეს იციან ბანკებმა, იციან თავად ადამიანებმა და პრაქტიკულად, სტატიური მდგომარეობაა, როდესაც ადამიანებს აქვთ ვალდებულება, ვერ იხდიან და ბანკში მაინც არიან ნაჩვენები, როგორც ”ცუდი გადამხდელები”. თავის მხრივ, ბაკებსაც უუარსედებათ ბუღალტრულად თავიანთი ბალანსები, სადაც ეს ჩანს, როგორც უიმედო სესხები”, - განაცხადა პროექტის წარდგენისას დავით ონოფრიშვილმა.

”თავისუფალი დემოკრატების” მიერ შეთავაზებული პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს. ამასთან, ამ ვალდებულების ღირებულება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ დაექვემდებარება.