ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ივანიშვილი 2016 წელს გაცილებით იაფად ყიდულობს მიწის ნაკვეთს, ვიდრე 2007 წელს

ბიძინა ივანიშვილმა 2007 წელს მშენებლობის უფლების გარეშე ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი 3 600 000 ლარად იყიდა და 2016 წელს მიწის გაცილებით დიდ ნაკვეთს, უკეთესი პირობებით მშენებლობის ნებართვით ყიდულობს მხოლოდ 6 000 000 ლარად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

ირაკლი აბესაძემ 2007 წელს „ფინსერვისისზე“ გაყიდული ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ხელშეკრულებაზე ისაუბრა.

„ბოლო 2 დღის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ შეკითხვებზე პასუხი გაეცათ, თბილისის მერია ირაკლი ლექვინაძის სახით და ბიძინა ივანიშვილი „ფინსერვისის“ პირით გვესაუბრებიან, რომ ის 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, ჩვენ დროს გასხვისდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ გასხვისებულა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია და ხელშეკრულებაშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ გასხვისდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორია გასხვისდა მშენებლობის უფლების გარეშე. ამ 10 ჰექტარ მიწაზე მშენებლობის გარეშე გაცემული იყო ნებართვა მხოლოდ რეკრეაციული ზონის განვითარების, რომ ეზრუნა ხე-ნარგავების მოვლა-პატრონობაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხელისუფლება ჯიბეში ჩაისვა, მოიპოვა მშენებლობის ნებართვა. 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, მას მიეცა უფლება, ამ სამართლებრივ ვალდებულებას გვერდი აუაროს და იქ აწარმოოს მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა ხელშეკრულების და ვალდებულების, რაც თავად ბიძინა ივანიშვილმა აიღო და ის კიდევ ერთხელ ატყუებს საზოგადოებას და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, 2007 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მშნებლობის უფლების გარეშე გაიყიდა კვადრატული მეტრი 36 ლარად, 2016 წელს კი მიწის ნაკვეთი იყიდება 20 ლარად.

„მას უკვე აქვს წინასწარი ნებართვა არქიტექტურის სამსახურიდან მშენებლობის შესახებ. ეს მიწის ნაკვეთი ღირს კვადრატული მეტრი დაახლოებით, 20 ლარი. თითქმის უფასოდ ხელში ჩაიგდებს გაცილებით დიდ ნაკვეთს გაცილებით უკეთესი პირობებით, ვიდრე 2007 წელს, თან მშენებლობის უფლებით ”, - განაცხადა აბესაძემ და დასძინა, რომ სწორედ ეს ყველაფერი ხდის აუქციონს უკანონოდ.

„აუქციონი ტარდება ძალიან მოკლე ვადებში. ერთკვირიანი პერიოდი აუქციონისთვის არ არის საკმარისი 300 000 კვადრატული მეტრის გასახვისებლად. როგორც პროცედურული თვალსაზრისით, ასევე შინაარსობრივად, აუქციონი მიმდინარეობს უხეში დარღვევებით და ტენდენციურად მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელში ჩაიგდოს ძალიან დიდი ტერიტორია“, - განაცხადა აბესაძემ.