ლევან კალანდაძე - ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია

ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ფორმირება ე.წ. სტრესტესტების საფუძველზე ხდება, კერძოდ კი სებ-ი სხვადასხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრს, ეკონომიკურ ტენდენციასა და ტრენდს სტრესტესტების საფუძველზე სწავლობს და ე.წ. პესიმისტურ, ოპტიმისტურ და ოპტიმალურ ვარიანტს აკეთებს.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის ყოველი ინსტრუმენტის გამოყენება იმ სურათს, იმ გამოწვევებს, რისკფაქტორებს ეფუძნება, რომელსაც ეს სტრესტესტები აჩვენებს.

”ის, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა და მითუმეტეს, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ თანმიმდევრულად შემცირდებაო, ეს იმას ნიშნავს, სწორედ ამ სტრესტესტების მიხედვით, ეროვნული ბანკი ხედავს, რომ ქვეყანაში ინფლაციური რისკი მინიმალურია მოკლევადიანი ანუ წლის ბოლომდე პერიოდისთვის, ასევე ეროვნულ ბანკს და ალბათ, ეკონომიკურ გუნდს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდის მოლოდინები აქვთ. ეს სავალუტო წყაროები შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურისტული ნაკადები, ასევე ფულადი გზავნილები. მე-3 საკითხი უკავშირდება იმას, რომ ლარის უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში დევალვაციის რისკი არის მინიმალური, ანუ ამ გამოწვევების, შემცირებული რისკების ფონზე ქვეყანა თანადათანობით ”ძვირი ფულის პოლიტიკიდან” ”იაფი ფულის პოლიტიკზე” უნდა გადავიდეს”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

რაც შეეხება დოლარიზაციის შემცირებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ექსპერტის თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის შემდგომი უზრუნველყოფის თვალსაზრისით ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

”ამას ყველა ვაღიარებთ, პოზიციაც და ოპოზიციაც, ვინც ამ თემით სპეკულირებს, ისიც კი ამბობს, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია. თუ აპრიორი ვაღიარებთ, რომ დოლარიზაცია არის მთავარი პრობლემა, მაშინ დოლარიზაციის შემცირების კუთხით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ეს არ ნიშნავს ე.წ. ჩაჩეხვის პოლიტიკის განხორციელებას, მაგრამ ეს ნიშნავს მიზანმიმართული გრძელვადიან პერიოდში გაწერილი გარკვეული მონეტარული ღონისძიებების გატარებას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით გამოწვეული ტვირთი ნაკლებად საზიანო იყოს საზოგადოებისა და ბიზნესისთვის”, - განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტმა თურქეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ლირის დევლავაციაც ხდება, თუმცა მისი ტვირთი მოსახლეობაზე გაცილებით ნაკლებად აისახება, რადგან თურქეთში აბსოლუტურ უმრავლესობას სესხი და შემოსავალი ლირაში აქვთ.

”ჩვენთან შემოსავალი გვაქვს ლარში და სესხი დოლარში, აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში არის პრობლემა. თუ ვამბობთ, რომ ეს არის პრობლემა და სოციალური სიმძიმის მიზეზი, ბუნებრივია, ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს”, - განაცხადა კალანდაძემ.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა დღეს არის ძალიან პრაგმატული და ეფექტიანი.

”შემიძლია ცალსახად და გადაჭრით ვთქვა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა დღეს არის ძალიან პრაგმატული და ეფექტიანი. სებ-მა მოახერხა, რომ მონეტარული ინსტრუმენტები ეფექტიანი გახადა. ანუ ლარის გამყარების ტრენდს, რაც დღესაა, ეროვნული ბანკი კარგად იყენებს. ერთი მხრივ, სავალუტო ინტერვენციებით ლარის კურსის გამყარების სიჩქარის კორექტირებას ახდენს და არა ლარის კურსის (ზოგიერთები რომ სპეკულირებენ ამ თემით) და მეორე მხრივ, ამ პერიოდს იყენებს გადასარევად იმისთვის, რომ სავალუტო რეზერვები შეავსოს”, - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ ასევე სანახავია ის, თუ რა გზით აპირებს ეროვნული ბანკი მონეტარული ინსტრუმენტების კორექტირებას.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7,5%-მდე შეამცირა. გარდა ამისა, ლარით მოზიდული სახსრების წახალისების მიზნით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირება. ამავდროულად, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 16 ივნისიდან ამოქმედდება.