ტრამპა ჩინეთი აშშ-ის „გაუპატიურებაში“ დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტობის პრეტენდენტმა „რესპუბლიკელთა პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის „გაუპატიურებაში“ დაადანაშაულა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ინდიანაში გამართულ აქციაზე ტრამპა ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩინეთი პასუხისმგებელია „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ ძარცვაზე“.

„ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ჩინეთმა ჩვენი ქვეყნის გაუპატიურება გააგრძელოს. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამას“, - განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა.

დონალდ ტრამპმა ჩინეთი ადრეც დაადანაშაულა იუანის კურსის ხელოვნურად შემცირებაში, რათა მსოფლიო ბაზრებზე ჩინური საქონელი უფრო იაფფასიანი და მიმზიდველი გახდეს. ტრამპის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა ანადგურებს ამერიკულ ბიზნესს და სამუშაო ადგილებს.

ამერიკელი მილიარდერის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებას აიძულებს, უარი თქვას ამ პრაქტიკაზე. ტრამპის თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩინეთთან უკეთესი პირობებით ახალი შეთანხმების დადებას შეძლებს.

ამერიკელი მილიარდერის ჩინეთისადმი მკვეთრ განცხადებებს კალიფორნიაში მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ჩინეთთან გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 365,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის თებერვალში კი ამ მაჩვენებელმა უკვე 57 მილიარდ დოლარს მიაღწია.