სოფელ დიცში ირიგაციის თანამედროვე მეთოდებზე შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

როგორც შპს ”საქართველოს მელიორაციაში” აცხადებენ, მორიგი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ჩატარდა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა წყალმომხმარებლებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

შეხვედრა, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე დაესწრნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციით, ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.