გიორგი თაბუაშვილი მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ვენაში, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტერიალის ძირითადი თემა იყო ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების გავლენა ინვესტიციების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

მათივე ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც რეფორმის პროგრესის განსახილველად და ფინანსური ანგარიშგების სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად, მოწვეული იყვნენ ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები.

მინისტერიალზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის მნიშვნელობაზე, ძირითად გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე, რომელიც შესაძლოა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა გაუწიონ საქართველოს მთავრობას რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პროგნოზები იმის თაობაზე, თუ რა მიღწევები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აღნიშნული რეფორმის მიმართულებით შემდეგი მინისტერიალისთვის, რომელიც ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.