თბილისის მერია 29 ჰექტარი მიწის ახალი მფლობელის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს

თბილისის მერიაში კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ახალი მფლობელის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განაცხადეს, იქამდე, ვიდრე კომპანიის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება, გარკვეული პროცედურაა გასავლელი.

”ვინ გახდა აღნიშნული მიწის მფლობელი, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. პროცედურის მიხედვით, 15 დღის ვადაში მერიასა და შემძენ კომპანიას შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, მოხდეს თანხის ჩარიცხვა, რის შემდეგაც კომპანია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება და სწორედ ამის მერე გახდება მის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი”, - განაცხადეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო.

აუქციონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში (48 თვის ვადაში) განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერს აღნიშნული აუქციონის შეჩერებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორიის შეძენა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს.