კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ნაკეთი თანაინვესტირების  ფონდმა შეიძინა

თანაინვესტირების ფონდი ადასტურებს, კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე თავად შეიძინა.

როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუქციონში მონაწილეობა ფონდის შუამავალმა კომპანიამ მიიღო.

”ჩვენ გვინდა გავაკეთოთ განცხადება, რომელიც უკავშირდება გამოცხადებულ აუქციონს თაბორის მთაზე, 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა თავისი შუამავალი კომპანიის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ აუქციონში, რომელიც საჯაროდ გამოცხადდა და დაფიქსირდა გამარჯვებულად. დღეს, 17:00 საათზე დასრულდა აუქციონი. ბუნებრივია, შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურების გავლით, ჩვენ გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავიწყებთ ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მათ შორის თანხის გადახდას”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

აუქციონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.