გიორგი ტყემალაძე - ბოტანიკური ბაღის პროექტი არ არის ბიზნესთან დაკავშირებული

საუბარი იმაზე, რომ პროექტი არის ბიზნესთან დაკავშირებული, ძალიან დილეტანტურია

, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი არ უკავშირდება ბიზნესს და გარკვეული ფინანსური მოგების მიღების მოლოდინს, რის დამადასტურებელ მაგალითადაც მან ”თანაინვესტირების ფონდის” მიერ გაკეთებული განცხადება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, კომპანია, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობის განხორციელებისთვის უფრო რეალურ პროექტს წარადგენს, 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ მიიღებს.

”საუბარი იმაზე, რომ ეს პროექტი არის ბიზნესთან დაკავშირებული და ვიღაც რაღაც მოგებას ხედავს ამ პროცესებში, მე მგონი ძალიან დილეტანტურია. ეს რა თაქმა უნდა არ არის ბიზნეს-პროექტი, ეს არის სარეკრეაციო მიმართულებით განსავითარებელი, ეს არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც ინვესტიციაც იდება, ეს მოცულობები, რა ვალდებულებებიც დღეს გააჩნია ამ პროექტს, არ იძლევა მოგების საშუალებას”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად ”თანაინვესტირების ფონდა” იყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო. აუქციონი, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.