დიმიტრი ქუმსიშვილი - დღეს იმაზე ნაკლები უმუშევარია, ვიდრე 4 წლის წინ იყო

თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ ხართ მხარე,

- ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ, ”რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა ”არჩევანისა” და ”ბიზნესკურიერის” წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილს.

შესაბამისი შეფასება ეკონომიკის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მაყურებლებს სხვადასხვა მიმართულებით არსებული მაჩვენებლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, გიორგი გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ მოსახლეობას არა ციფრები, არამედ შედეგი აინტერესებს. ამასთან, ”არჩევანის” წამყვანი ქუმსიშვილისგან დაინტერესდა, ნიშნავს თუ არა მის მიერ ”აფრიალებული ფურცლები” და დასახელებული მაჩვენებლები იმას, რომ ”ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობისთვის 4 წლის წინ მიცემული დაპირებები შეასრულა.

”მე არ ვაფრიალებ ფურცლებს - მე ინფორმაციას ვაწვდი მოსახლეობას და ამიტომ მოგიწოდებთ კორექტულობისკენ. მეორე - 4 წლის წინ თქვენ ასეთ გადაცემებს აკეთებდით, როდესაც 300 ათასი უმუშევარი იყო? დღეს ხომ იმაზე ნაკლები უმუშევარია, ვიდრე 4 წლის წინ იყო? შესაბამისად, მაშინაც შეგეძლოთ ასეთი გადაცემა გაგეკეთებინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაცემულ პრემიებსა და ადმინისტრაციული შენობების რემონტზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ შეკითხვას, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნულს ”სირცხვილი” უწოდა.

”სირცხვილია. რაზე მთხოვთ პასუხს? შეადარეთ - ჩემს წინამორბედ ეკონომიკის მინისტრს 15 თუ 17 ათასი ჰქონდა ხელფასი. რას მელაპარაკებით? თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ ხართ მხარე”, - მიმართა ეკონომიკის მინისტრმა ”არჩევანისა” და ”ბიზნესკურიერის” წამყვანებს.