ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მცირე ზრდა იქნება, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მცირე ზრდა იქნება, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს.

როგორც არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, ინფლაციის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი ჰქონდა.

”ინფლაცია დაბალი დარჩება წლის განმავლობაში, წლის მეორე ნახევარში მცირე ზრდა უნდა იყოს, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურება ინფლაციის ზრდას მაინცდამაინც არ უკავშირდებოდა. მისივე თქმით, ინფლაციის ზრდაზე დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციის მოლოდინებს და არა კურსს, ”თუმცა რა თქმა უნდა, გავლენა ამასაც აქვს”.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შევსებას, მესტვირიშვილის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე.

2016 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 3,2 პროცენტი შეადგინა.