სებ - დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებამ წინა წლებში დაფიქსირებული ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვნად შეაფერხა

დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებამ წინა წლებში დაფიქსირებული ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვნად შეაფერხა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2015 წელი ლარიზაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა წინა წლებში დაფიქსირებული ლარიზაციის ზრდა, განსაკუთრებით დეპოზიტების შემთხვევაში.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი იზრდებოდა, თუმცა ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ლარიზაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო.

”ეს ფაქტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად ლარით გაცემულ სესხებზე პროცენტის მატებას უკავშირდება, რითაც პროცენტული სხვაობა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებთან შედარებით გაიზარდა. საბოლოოდ, სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი 2015 წელს, გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გამოკლებით, 2.1 პროცენტული პუნქტით - 35.6%-მდე გაიზარდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

დეპოზიტების ლარიზაცია წლის პირველ ნახევარში, კურსის გაუფასურების მიუხედავად, სტაბილური იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში შემცირდა და წლის ბოლოს 31%-ს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 2015 წლის ანგარიში ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.