ზესტაფონში ნაგავსაყრელი დაიხურა

ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობას ამცირებს. წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.

სამინისტროს განცხადებით, სწორედ აღნიშნული გეგმის საფუძველზე დაიხურა ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებდა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა. ასევე, მდინარე ყვირილას მხრიდან მოეწყო ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.

ამ დროისთვის, ზესტაფონის მუნიციპალურ ნარჩენებს თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.