აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მწვანე კონცხზე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

მწვანე კონცხზე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს. როგორც სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მწვანე კონცხზე არსებული 2.5 ჰექტარის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ქონება იყო, რომელიც 2015 წელს პირობიან აუქციონზე გაიყიდა. მისივე განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტის“ მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

„უძრავი ქონება იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. დაინტერესებული ფირმის „ბიზნეს დეველოპმენტის“ განაცხადის საფუძველზე მოხდა მისი დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შეფასება და გატანილ იქნა პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე. საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზების მოწყობა, კვების ობიექტების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. უნდა გაკეთდეს ასევე გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრები. არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს სამი წლის ვადაში. 2015 წლის ნოემბერში გაიყიდა და ნასყიდობის საფასური 1 678 330 ლარია“, - აღნიშნა ზურაბ ჭურკვეიძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ არ მდებარეობს, მათ შორის არის კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, სადაც მოსახლეობაც ცხოვრობს.

ჭურკვეიძე განმარტებებს აკეთებს ასევე, უნივერსიტეტის შენობის საკითხზეც და აცხადებს, რომ შენობა არ გაყიდულა და ბათუმის უნივერსიტეტის სარგებლობაშია.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მწვანე კონცხზე ბრიფინგი გამართეს. „ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე "ბათუმი პანორამას" გაშენებას აპირებს“, - აცხადებს პარტიის წევრი გიორგი კირთაძე. მისივე მტკიცებით, "ბიძინას თხოვნით", ბათუმის უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი უსასყიდლოდ დაუთმო აჭარის მთავრობას, რომელმაც შენობა და მიწა აუქციონის წესით "ბიზნეს დეველოპმენტს" მიჰყიდა. გიორგი კირთაძის თქმით, ივანიშვილმა ტერიტორიის მის სარგებლობაში გადასაცემად სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო. როგორც მწვანე კონცხზე მცხოვრები თამაზ ჭირაქაძე აცხადებს, რამდენიმე თვის წინ ადგილზე მიწა გაბურღეს და სინჯები აიღეს, მოგვიანებით კი იქ ბიძინა ივანიშვილიც მივიდა და ტერიტორია დაათვალიერა.